ახალი ამბები
14 იანვარს, საქართველოს თეატრალური საზოგადოება "წლის საუკეთესო ნაწარმოებს“ გამოავლენს
FaceBook
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და "საქართველოს თეატრალური საზოგადოების" ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური, ტრადიციული კონკურსის, "წლის საუკეთესო ნაწარმოების", გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის ფარგლებში ლაურეატებს გადაეცემათ სახელობითი პრემიები, ასევე გაირკვევა ე.წ. "ამაგდარის"  წოდების ლაურეატიც. 

კონკურსში მონაწილეობისთვის, წლის განმავლობაში, საქართველოში მოქმედი თეატრები თავად იწვევენ თეატრალური საზოგადოების წევრებს, რომლებიც კონკრეტულ პრემიერებს ესწრებიან და ამ სპექტაკლებიდან წლის ბოლოს მათი თვალსაზრისით საუკეთესოს არჩევენ. 

მესხიშვილის თეატრის სპექტაკლმა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ნაწარმოები“ 2020 წელს გაიმარჯვა. გრან-პრი საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჟიურის გადაწყვეტილებით ნინო ამღლაკელიძის სპექტაკლს „ქარი ქრის ვერხვებში“ მიენიჭა.


1850 წლის 14 იანვარი, როცა თბილისის ვაჟთა გიმნაზიის შენობაში პირველი სპექტაკლი - გიორგი ერისთავის "გაყრა" დაიდგა, მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.
Print