ახალი ამბები
"ფიზიკური ძალებით დაწყებულია სამუშაოები"- რა ვითარებაა ხუნდაძის ქუჩაზე
FaceBook
ქუთაისში, ხუნდაძის #63-ში, სადაც სადარბაზო სახურავით იყო ჩახერგილი და მოსახლეობას ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ა(ა)იპის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მედიის წარმომადგენლებმა კორპუსის მობინადრეების პრობლემები გააშუქეს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის განმარტებით, ადგილზე მექანიზმებით მუშაობა შეუძლებელი იყო.



"ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 200-ზე მეტი ლოკაცია გვაქვს, სადაც სახურავის დაზიანება გვიფიქსირდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოპერატიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ყველგან. როგორც ხედავთ, აქ მექანიზმებით მუშაობა ვერ ხერხდება, რადგან არის საფრთხე, რომ ავტომანქანები უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე ახლა აქვს ზიანი მიყენებული. ფიზიკური ძალით, ამ წუთის მდგომარეობით, დაწყებულია სამუშაოები და მივიყვანთ ბოლომდე"- განმარტავს მირზა ხიდაშელი.

მისივე თქმით, კორპუსის მაცხოვრებლებს უკვე აღუდგათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირიც მოკლე პერიოდში მიეწოდებათ.

ხუნდაძის #63-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის მოპირდაპირე ბინას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა და ადგილობრივების სადარბაზო ჩახერგა. დააზიანა კორპუსის ფანჯრები, სადენები, მილები და 5 ავტომობილი, რომელიც ამ დრომდე სახურავის ქვეშაა მოყოლილი.

აქ მცხოვრები 50-მდე ბინადარი ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშე იყო დარჩენილი.

ქუთაისში მეოთხე დღეა, სტიქიას ებრძვიან.

Print