ახალი ამბები
შოთა მურღულიას სიცრუეში ადანაშაულებენ
FaceBook
"სიცრუე განაცხადა ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ, როცა ტელევიზიით თქვა რომ დიდთოვლობის დღეებში, ქალაქის მასშტაბით 40 ტონა ტექნიკური მარილი და ქვიშა დაიხარჯა ".


ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულის თაობაზე, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გია გოქაძე ირწმუნება, ქუთაისში თოვლის მოსვლის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისთვის, ტექნიკური მარილი არ დახარჯულა.

"სიცრუე განაცხადა ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ, როცა ტელევიზიით თქვა რომ დიდთოვლობის დღეებში, ქალაქის მასშტაბით 40 ტონა ტექნიკური მარილი და ქვიშა დაიხარჯა გაწმენდითი სამუშაოებისთვის, მე გამოვითხოვე ინფორმაცია, სადაც არ არის კონკრეტული დოკუმენტები წარმოდგენილი აღნიშნულის თაობაზე," - ამბობს გოქაძე.

მისივე თქმით, დიდთოვლობის დღეებში გაწმენდითი სამუშაოები არ განხორციელებულა ქალაქის ყველა ქუჩაზე.
"ეს გავს ე.წ. უსაქონლო ოპერაციას, რის ფონზეც ძალიან ოსტატურადაა შესაძლებელი ფულის მოტეხვა,"- განმარტავს გია გოქაძე.
ქუთაისის მერიაში ევროპა ჩვენი სახლიას ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზიად ჯავახია ირწმუნება, უხვთოვლობის დღეებში, ქალაქის მასშტაბით ნამდვილად განხორციელდა მარილით გზების გაწმენდა.

"მარილით და ქვიშით მოხდა ქუჩების წმენდა და ვისაც ეჭვი ეპარება, შეგვიძლია მომდევნო გათოვების დროს გავასინჯოთ,"- ამბობს ჯავახია.

მიმდინარე წლის 27 იანვარს, მარაგის შესავსებად, ტენდერი გამოცხადდა.

78 ტონა ტექნიკური მარილისა და ქვიშის შესაძენად სულ 22 000 ლარი დაიხარჯა.
Print