ახალი ამბები
"პრესის სახლის" ყოფილ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება - საპროექტო სამუშაოები დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ე.წ.  პრესის სახლის ყოფილ შენობაში,  რომელიც დაახლოებით 3 თვის წინ გაიყიდა, დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.
როგორც შენობის ახალი მეპატრონე მიხეილ ჩუბინიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, ობიექტს რეკონტრუქცია ჩაუტარდება.

„საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ახლა დავიწყეთ მუშაობა და ვნახოთ რა გამოგვივა“,
- ამბობს ობიექტის ახალი მფლობელი. 

ხუთსართულიან შენობაში სხვადასხვა წელს რამდენიმე მედიაორგანიზაცია ფუნქციონირებდა. ობიექტში ასევე საამქროები და პირველ სართულზე კაფე იყო მოწყობილი. ამ დროისთვის კი შენობა დაცარიელებულია. ჩვენი მისვლის მომენტში ადგილზე დაცვის თანამშრომლები დაგვხვდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ პერიოდულად მუშები მოდიან და ტერიტორიას ასუფთავებენ. 

"პრესის სახლის“ ყოფილ შენობას  ახლა დაცვა იცავს. ის ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის ოქტომბერში, 3.14 მლნ ლარად გაასხვისა.

"100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის" ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2 მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია. აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა - 154 "ბიჯის" შემდეგ ქონება 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.

ჩუბინიძე რამდენიმე კომპანიის მეწილეა, მათ შორის "ლიონ დეველოპერის". მის მფლობელობაში გადადის ქუთაისში, რუსთაველის გამზირ N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობები.

საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად სასტუმროა მითითებული, თუმცა ახალ მფლობელს ქონების შეძენის პარალელურად რაიმე სახის ვალდებულება არ დაკისრებია.

"პრესის სახლი" ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ საინვესტიციოდ გაამზადა. ქუთაისსა და მის შემოგარენში საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტები (25 მსხვილი ობიექტი) სააგენტომ პოტენციურ ინვესტორებს გასული წლის 15 ივნისს წარუდგინა.

ამავე თემაზე:

ქუთაისში პრესის სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა

ეკონომიკის სამინისტრომ "პრესის სახლის" შენობა აუქციონზე მეორედ გაიტანა

ქუთაისის "პრესის სახლი" იყიდება

Print