ახალი ამბები
"ანტიკორუფციული მოძრაობა" ადგილობრივ თვითმმართველობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
FaceBook
"ანტიკორუფციული მოძრაობის" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციასა და ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

საუბარია ხახანაშვილის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ქუთაისის მერიამ თავიდან გამოაცხადა.

სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხო დღევანდელი ბრიფინგიც.

"ეს არის მორიგი ფიასკოთი დასრულებული პროექტი ქუთაისში. საუბარი მაქვს ხახანაშვილის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დამთავრებულიყო, ადგილობრივებს კი დღემდე გადათხრილ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. 250 000 ლარი გამოყვეს გზის რეაბილიტაციისთვის, ნაწილი უკვე დახარჯულია, მერიას კი ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია. ეს გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს კორუფციას"- ამბობს "ანტიკორუფციული მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

ხახანაშვილის ქუჩაზე ფილები ორ თვეზე მეტია აყრილია, რის გამოც, როგორც მანქანებისთვის, ასევე ქვეითებისთვისაც გადაადგილება დისკომფორტს ქმნის.


ხსენებულ ქუჩაზე გზის საფარისა და სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვა მერიამ წლის დასაწყისში, ჯიბლაძის ქუჩის სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გამოაცხადა. ტენდერის გზით, კომპანია "ონიქს როუდს" 504 803 ლარის სანაცვლოდ (ჯიბლაძის ქუჩა - 285 586 ლარი, ხახანაშვილის ქუჩა - 219 216) დაევალა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

თუმცა, მერიის მხრიდან პროექტის (რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს რემონტი) მუდმივი კორექტირების გამო განსაზღვრულ ვადაში კომპანიამ სარემონტო სამუშაოები ვერ განახორციელა. საბოლოოდ, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა. მერიამ კომპანია დააჯარიმა, ამის საპასუხოდ კი "ონიქს როუდმა" სასამართლოში იჩივლა.

მიტოვებული სამუშაოების გასაახლებლად მერია ხახანაშვილის ქუჩაზე ტენდერს [NAT220028933] მეორედ აცხადებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება ამჟამად 199 223 ლარს შეადგენს.
Print