ახალი ამბები
მომატებული ხელფასები და უცვლელი პრიორიტეტები - ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის "საჯარო" განხილვა
FaceBook
ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის „საჯარო განხილვა“ მერიამ დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე მოაწყო.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე საუბარი თვითმმართველობის პირველ პირებს მხოლოდ თავიანთი თანამშრომლებისა და რამდენიმე არასამთავრობო  ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მოუწიათ. თუმცა,  თითქმის ცარიელ დარბაზში ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტების განხილვას  ქალაქის მერმა  "გამჭვირვალობის  მაგალითი"  უწოდა.  

„დღეს ქუთაისის მერიამ მოახდინა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. პროექტი წარდგენილი იყო ფართო საზოგადოების წინაშე. გავიარეთ ის დეტალები, ის გამოწვევები, რომელიც ბიუჯეტს მიმდინარე წელს აქვს. იყო,  რა თქმა უნდა,  შეკითხვები, დასკვნა იმისი, თუ რა იქნება ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი. მთავარია ის, რომ რაც შეიძლება მეტი მონაწილე იყოს აღნიშნულ შეხვედრებზე, რისი მომხრეც ვართ.  თვითმმართველობა იცავს გამჭვირვალობის პრინციპებს, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის მაგალითი იყო“, - განმარტა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. 

დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 101 მილიონ 481 700 ლარია, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 15 მილიონით მეტია. რაც შეეხება პრიორიტეტებს, მერიაში  წლებია  არ იცვლება. ისევე, როგორც უცვლელია ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთათვის ხელფასების მატების ტენდენცია. 

მომდევნო წელს შესასრულებელი პრიორიტეტებისთვის კი თანხები ასე   გადანაწილდა:

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 19 675 200; 

ინფრასტრუქტურის განვითარება - 24 500 600;

დასუფთავება და გარემოს დაცვა - 9 076 600;

განათლება - 17 483 700;

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 20 993 400;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 7 985 200;

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 1 770 000;

ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტს ადგილობრივი თვითმმართველობა  28 დეკემბერს,  საკრებულოს წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცებს. 



Print