ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში გადადის
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა
დღეს, 26 დეკემბერს, ბრიფინგი გამართეს.
ფრაქციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.

მათი თქმით, ისინი საკრებულოს საქმიანობას ბოიკოტს მანამ გამოუცხადებენ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს არის უკიდურესად მძიმე. ფიზიკურად შეუძლებელია მან ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა მიიღოს ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში. მანამ სანამ არ მოხდება მისი გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოში იქნება ბოიკოტის რეჟიმში. არ მიიღებს საკრებულოს არანაირ საქმიანობაში მონაწილეობას"- განაცხადა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ.

ფრაქციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და გამოსცეს სააკაშვილის მიმართ შეწყალების აქტი.

"დღეს არის დარღვეული ადამიანის ფუნდამენტური უფლება, სწორედ ამიტომ მივმართავ და მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და გამოსცეს შეწყალების აქტი, რომ გადარჩეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე. ამით გადარჩება ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავალიც"- განაცხადა ფრაქციის წევრმა ხათუნა არველაძემ.


Print