ახალი ამბები
სახელმწიფო აზარტული თამაშების სექტორისთვის რეგულაციებს ამკაცრებს
FaceBook
სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება.

სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინ აზარტული თამაშებისთვის სანებართვო მოსაკრებელი წესდება.

ამის გარდა, განისაზღვრება ჯარიმის მოცულობა როგორც სანებართვო პირობების დარღვევაზე, ასევე მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევაზე.

"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტში და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტში, წარმოდგენილი ცვლილებებით შემოდის ახალი ნებართვების სახეობები, როგორიცაა: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.

კანონპროექტით ახალი ნებართვების სახეობებისთვის დგინდება სანებართვო მოსაკრებლები. ვინაიდან ახალი ნებართვის სახეობები შემოდის, შესაბამისად წესდება საჯარიმო სანქციები ამ საქმიანობების სანებართვო პირობების და წლიური მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. კერძოდ: სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა იქნება 7 000 ლარი; მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის 20 000 ლარი.

საკანონმდებლო ინიციატივა, მომზადდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის შესაბამისად.

კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტს მხარი, მეორე მოსმენით დაუჭირა.
Print