ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი წყალტუბოში გადაასვენეს
FaceBook
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე წყალტუბოში, მშობლიურ სოფელ ფარცხანაყანევში დღეს გადაასვენეს.
მიხეილ თევდორაძე საქართველოში გუშინ გვიან ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.

45 წლის მიხეილ თევდორაძე უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე წავიდა. რამდენიმე დღის წინ ის ბახმუტის მისადგომებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა სერგო ქართველიშვილი და დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი. 

ქართველი მეომრების სიცოცხლე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ამ დროისთვის, გარდაცვლილებიდან მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

ქართველ მებრძოლს მშობლიურ სოფელში სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის.

რუსულ აგრესიას უკრაინაში ამ დრომდე 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.


Print