ახალი ამბები
"ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ - პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება ფ.ბაუმისა და ა.ვოლკოვის ზღაპარი "ზურმუხტქალაქის ჯადოქარი".

სპექტაკლის რეჟისორია თორნიკე მარჯანიშვილი.  მაყურებელი თეატრის სცენაზე საშობაო ზღაპარს "ზურმუხტქალაქის ჯადოქარი'' იხილავს.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილია, მხატვარი - თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი - გიორგი ბარბაქაძე, რეჟისორის ასისტენტი - მაია კვიმსაძე.

"ზურმუხტქალაქის ჯადოქარი" მწერალ ალექსანდრე ვოლკოვის მიერ ჯადოსნური ქვეყნის შესახებ დაწერილი რომანების სერიის პირველი ტომია. იგი ეფუძნება ამერიკელი ფრენკ ბაუმის ცნობილ საბავშვო წიგნს "ოზის ჯადოქარი".

მთავარი პერსონაჟი მეოცნებე გოგონა ელია, რომელიც, თავისდაუნებურად, გაანადგურებს ბოროტ ჯადოქარს და საინტერესოზე საინტერესო თავგადასავალში ჩაერთვება, ძაღლ ჰექტორთან ერთად. გოგონას მიზანი შინ, მშობლებთან დაბრუნებაა. ამისთვის მან სამი სანუკვარი სურვილი უნდა აასრულოს.

საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ჯადოქართა ქვეყნის გამგებელი უბრალო ცირკის მსახიობია და ყოველგვარი მაგიის გარეშე, მხოლოდ მოხერხებულობით მართავს ქვეყანას. მას არ შეუძლია ელის თხოვნის ასრულება, მაგრამ გოგონას ჩადენილი სიკეთე და გადატანილი განსაცდელი, ფუჭად არ ჩაუვლის და ის ისევე მოულოდნელად დაუბრუნდება სამშობლოს, როგორც იქედან გაქრა.

„ოზის ჯადოქრის“ მიხედვით 1939 წელს ფილმი გადაიღეს სახელოვანი ჯუდი გარლანდის მონაწილეობით. „ოზის ჯადოქარი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია ამერიკის კინოს ისტორიაში.

მესხიშვილის თეატრის სპექტაკლის პრემიერა 29 დეკემბერს 18 საათზე გაიმართება. სპექტაკლები გაიმართება 3-4 იანვარსაც.

"ზურმუხტქალაქის ჯადოქარი" ამ წლის ბოლო პრემიერაა.

ამ სპექტაკლის გარდა მესხიშვილის თეატრში 2022 წელს ორი პრემიერა გაიმართა - ალდო ნიკოლაის კომედია ,, სიყვარული კუბოს ფიცრამდე " და ილია ჭავჭავაძის 185 წლისთვის აღსანიშნავად, ლიტერატურულ თეატრიზებული სპექტაკლი ,, მგზავრის წერილები ". 


Print