ახალი ამბები
რას ამბობს ავტობუსის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი
FaceBook
ქუთაისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გატაცების მცდელობისთვის, პოლიციამ 2 პირი დააკავა.
ერთ-ერთის ადვოკატის განმარტებით, მათ ბრალი წარდგენილი ჯერ არ აქვთ.

არჩილ ნიჟარაძე ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება ძლიერი ალკოჰოლური თრობის შედეგად იყო გამოწვეული, რის გამოც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავის საქციელს ვერ აკონტროლებდა.

„ვინაიდან ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ასევე,  არ გადმოგვცემია მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმის მასალები, ყველა დეტალთან დაკავშირებით, ამ წუთის მდგომარებით, დაცვის მხარეს პასუხის გაცემა გაუჭირდება. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული ქმედება გამოწვეული იყო ძლიერი ალკოჰოლური თრობით, რის გამოც, ის ვერ აკონტროლებდა თავის საქციელს. სინამდვილეში მას რამე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების, ან მიტაცების მიზანი ნამდვილად არ ჰქონია. თქვენც ხვდებით, რომ საზოგადოებრივ-საქალაქო ავტობუსს, 20-მდე მგზავრთან ერთად, მისაკუთრების თვალსაზრისით არავინ არ დაძრავს. შესაბამისად, ადგილი გვაქვს ისეთ ქმედებასთან, როდესაც ადამიანი მოცემულ მომენტში ვერ აცნობიერებს, თუ რას სჩადის“, - ამბობს ის. 

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ ხნის, თუ რატომ გადაწყვიტა ავტობუსის ადგილიდან დაძვრა, ან რა მარშუტით აპირებდა გადაადგილებას მგზავრებთან ერთად.

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, საღამოს საათებში (დაახლოებით 18:00-19:00 საათი) მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ საავტობუსო გაჩერებაზე, მძღოლი ტრანსპორტიდან ჩავიდა, რა დროსაც მგზავრებს შორის მყოფმა ერთმა პირმა მისი ადგილი დაიკავა და ავტობუსი დაძრა. მისი შეჩერება დაახლოებით 15-20 მეტრის გავლის შემდეგ მოხერხდა. 

„დღემდე ვერ ხსნის ამ ფაქტს, თუ როგორ აღმოჩნდა მძღოლის სავარძელში. თვითონაც არ იცის სად მიყავდა მგზავრები, რა მარშუტით გადაადგილდებოდა. თუმცა, რაიმე ისეთი მიზანი, რომლის მიხედვითაც მას სურდა ავტობუსის მისაკუთრება, ან ვინმეს გატაცება, ნამდვილად არ ყოფილა. ჩემი ინფორმაციით, პანიკას ადგილი არ ჰქონია. როგორც ვიცი, მგზავრების უმეტესობა ამ ფაქტს იუმორით უყურებს, ვიდრე რაიმე სერიოზულ შემთხვევას“- განმარტავს არჩილ ნიჟარაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print