ახალი ამბები
პირველი იანვრიდან ავტომობილებს ხმაურზე შეამოწმებენ
FaceBook
2023 წლის 1 იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება და ხმაურის დონის (დეციბალებში) საშუალო მაჩვენებელი დადგინდება.

აღნიშნული ვალდებულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში დადგინდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ხმაურის მაქსიმალური დასაშვები ნორმების განსაზღვრისას  მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა. საამისოდ წინასწარი კვლევები ჩატარდა.

"ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის მაქსიმალური მაჩვენებელი (დეციბალებში) სატრანსპორტო საშუალების კატეგორიისა და ძრავის ტიპის გათვალისწინებით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2019 წლიდან მოყოლებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის შემოწმების კომპონენტის შემოწმების ვალდებულება რამდენჯერმე გადავადდა.

"თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული ხმაური უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ურბანულ პირობებში და ღამის საათებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება". 

რაც განხორციელდება ერთ-ერთ კომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში.
Print