ახალი ამბები
საახალწლო გა(ნ)წყობა, რომელიც ცენტრს ვერ გასცდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ საახალწლო განათებებში 118 840 ლარი დახარჯა, თუმცა საახალწლო გაწყობა წელსაც ვერ გასცდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს.
ილუმინაციები და დეკორაციები, ძირითადად,  ქალაქის ცენტრს, ისტორიულ უბნებს მოიცავს, რის გამოც ქუთაისელი მოქალაქეები უკმაყოფილებას ვერ მალევენ. ისინი ამბობენ, რომ განათებებში თანხას საკუთარი ჯიბიდანაც იხდიან, თუმცა მათი უბნები საახალწლოდ მორთული წელსაც  არ არის.

„მხოლოდ ქალაქის ცენტრი რომ აქვთ განათებული, კი მაგრამ, ჩვენმა ქუჩამ რა დააშავა? რატომ არ გვინათებენ?  მოსახლეობა ვიხდით გარე განათებების თანხას. ახალი წელი მოდის, გვინდა განწყობა შევიქნათ ამ  მორთვით მაინც, მაგრამ არა. ქუთაისი მხოლოდ ცენტრი ყოფილა. ასათიანის ქუჩაზე ვცხოვრობ, გაანათეთ ასათიანიც, ხომ შეიძლება? ამხელა ცენტრალური ქუჩაა“, -  ამბობს ადგილობრივი.

ქუთაისელები ადგილობრივ თვითმმართველობას იმასაც ახსენებენ, რომ ქალაქში თეთრის ხიდის გარდა, კიდევ სხვა ხიდებიც არის, რომელთა გაწყობაც შეიძლება. 

„გასაგებია, რომ მთელ ქალაქს ვერ მორთავენ, მაგრამ ყოველ წელს ერთი და იგივე ლოკაცია აქვთ მორთული, ცოტა უხერხულია. სულ თეთრ ხიდს რომ რთავენ, ხომ შეიძლება სხვა ხიდებიც მორთონ?!"

ისევე როგორც დაანარჩენი გარეუბნები, მერიას არასოდეს გახსენებია პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მუდმივად ჩაბნელებული და მოუვლელია.  

"ქალაქში არის სტრატეგიული ადგილები, ობიქტები, რომელთა მორთვა ნამდვილად შეიძლება. თუნდაც, ქუთაისის შემოსასვლელები, რომელიც სულ  უღიმღამოა". 

შესაძლოა ითქვას, რომ  ადგილობრივი მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულება საახალწლოდ მორთულ ქუჩებშიც ჩანს.  

წელსაც, ტრადიულად, საახალწლოდ თეთრი ხიდი, რუსთაველის, ცისფერყანწელთა, პუშკინის, თაბუკაშვილის, წმ.ნინოს და 9 აპრილის ქუჩები, ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის გამზირები დაიტვირთება.

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 366 125 ლარი დაიხარჯება, რაც 70 000 ლარით მეტია გასულ წელს ამავე ღონისძიებების ხარჯებთან შედარებით.

ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print