ახალი ამბები
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, შესაძლოა, IT ჰაბი შეიქმნას - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, შესაძლოა, IT-ჰაბი შეიქმნას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 
მისივე განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან თანამშრომლობენ.

„ქუთაისში პარლამენტის შენობა პრაქტიკულად უფუქნციოდ არის დარჩენილი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ აიტის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი აიტი ჰაბი, არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს აიტის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში. აქაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. რა თქმა უნდა, ქუთაისის უნივერსიტეტი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროექტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობამ უფრო ადრე  შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბის განთავსება დააანონსა, შემდეგ  კი, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაიყვანა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით კი, შენობის გასხვისებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა 2020 წლის მარტიდან დაიწყო.


ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო 2019 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

2012 წლის შემდეგ 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა.

მანამდრე საუბარი იყო პარლამენტის შენობისთვის რამდენიმე ფუნქციის მინიჭებაზე. მათ შორის საუბრობდნენ რომ იქ საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გააჟღერა იდეა, რომ პარლამენტის შენობაში საკონფერენციო დარბაზი უნდა მოეწყოს.

ავტორი : ქეთი გელაშვილი
Print