ახალი ამბები
გენდერი და საკუთრება - საჯარო რეესტრმა მასშტაბური კამპანია დაიწყო
FaceBook
ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს.
პროექტის "გენდერი და საკუთრება" ფარგლებში საჯარო რეესტრი მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანია მიზნად ისახავს საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

"საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საჯარო რეესტრი ავრცელებს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს აღნიშნულ თემაზე უფასო კონსულტაციის მიღება ქვეყნის ყველა ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. ასევე, თითოეულ რეგიონში ჩატარდება შეხვედრები, სადაც საჯარო რეესტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. დარიგდება ბროშურები და ბუკლეტები.

უწყების ოფიციალური მონაცემებით, 2010-2015 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 1434478 ფიზკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან 56,1% და 43,9% - ქალი. ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია.

Print