ახალი ამბები
"არა რუსი ოლიგარქის ოცნებას!“ - ბანერის გამო "ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს
FaceBook
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში" ქუთაისის მივიდნენ. მათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს  შენობის აივნიდან იმ ბანერის ჩამოხსნა მოსთხოვეს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გაზპრომის საქართველოში შემოსვლის გასაპროტესტებლად გააკრეს.

როგორც მერიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ბანერის განთავსების უფლება იქ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ ჰქონდათ. 

მერიის მხრიდან სიტყვიერი გაფრთხილების დაუმორჩილებლობის შემდეგ მათ ჯარიმა დაეკისრათ. მერიის წარმომადგენლებმა შეადგინეს ოქმი, რომლითაც სასამართლოს მიმართავენ.

"დღეს, როდესაც ყველა პოლიტიკურად აქტიური სულიერის ყურადღება და მობილიზება გადატანილია გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე, ქუთაისის მერმა გადაწყვიტა და დაინტერესდა თუ რატომ გადმოვფინეთ 5 დღის წინ პარტიის ოფისის აივანზე გაზპრომის გასაპროტესტებელი ბანერები და გვითხრა, რომ აღნიშნული ბანერები არის ფასადის დაზიანება და 150-ე მუხლის თანახმად დასჯადია," - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის პოლიტსაბჭოს წევრი, შორენა საღინაძე.

„არა გაზპრომს! არა რუსი ოლიგარქის ოცნებას!“ - აღნიშნული ბანერის გამო სასამართლომ შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობას 1000 ლარი დააკისროს.

თეონა წითაძე



Print