ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქციისთვის 21 მილიონი ლარი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა. 

პროექტის მოსამზადებლად, სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა თეატრის შენობის ძირეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გაიღო პროექტისათვის, რომელზე მუშაობაც 2022 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.

უწყების ინფორმაციით 2022 წლის თებერვალში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს "ჯორჯიან ჰაუსმა". აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი, "ჯორჯიან ჰაუსის" დაკვეთით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფინურმა კომპანია "აკუკონმა" შეიმუშავა. 

როგორც კულტურის სამინისტროში ირწმუნებიან, ქუთაისის ოპერის აღორძინების პროექტი გულისხმობს თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის შექმნასა და ქუთაისის ოპერის თეატრის მსოფლიოს წარმატებულ თეატრთა რიგში ჩაყენებას.

2022 წელს, საშემსრულებლო საკადრო რესურსის გაძლიერების მიზნით, სამინისტრომ ქუთაისის ოპერის თეატრის ბიუჯეტი 812 580 ლარით უკვე გაზარდა.
პროექტის პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა. ქუთაისში მისი ვიზიტის შესახებ არ შეატყობინეს კრიტიკულ მედიებს. პრეზენტაციას ქუთაისის ოპერის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ.
Print