ბლოგები
ომი, სოციალურად დაუცველები და „პომპეზური“ ახალი წელი
FaceBook
თბილისი ახალ წელს ახალი სლოგანით ხვდება "თბილისი მშვიდობის ქალაქი".

სლოგანით, რომელიც ყველაზე ცინიკურ სლოგანებს შორის კონკურსი რომ გამოცხადებულიყო, პირველ ადგილზე გავიდოდა.

ქუთაისს, საბედნიეროდ, საახალწლო სლოგანი არა აქვს. სამაგიეროდ,  აქვს ტურისტული - "ქუთაისი ქალაქია".

ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვამტკიცებთ, რომ ქალაქი ვართ. თუმცა როგორი ქალაქი - არ გადაგვიწყვიტავს. იქნებ ამ ახალმა წელმა მოგვცეს ამის გარკვევის საშუალება. მაგრამ სანამ გავარკვევთ,  მანამდე ახალი წელია აღსანიშნი, რისთვისაც მზადება ქალაქმა  წინა წლებთან შედარებით, ადრიანად დაიწყო. ადრიანი სამზადისი შეიძლება იმ კრიტიკის  შედეგია,  რაც ახალი წლის შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის მიმართ არსებობდა.

კრიტიკის საგანი ხდებოდა ქალაქის ძველი ნაძვის ხეც.

წელს ქუთაისს ახალი ნაძვის ხე და სათამაშოები ექნება. მათ შპს "ღამის შოუს სტუდია" შეისყიდის. 

ნაძვის ხეს  - 146 000 ლარად, სათამაშოებს  - 58 500  ლარად.

ამის გარდა, ეს კომპანია 2020 წელს თბილისის საახალწლო მორთვაზეც ზრუნავდა. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ორგანიზაცია საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თბილისში  ლუბლიანას ქუჩა #5-შია  რეგისტრირებული. სწორედ ამ მისამართზეა დარეგისტრირებული ტელეკომპანია "იმედის" შენობაც, სადაც ასევე მუშაობს „ღამის შოუს ბენდიც“.

ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ ქუთაისის  მერს  იოსებ ხახალეიშვილს, არჩევნების მეორე ტურის კამპანიაში, მთავრობასთან და ტელეკომპანია „იმედთან“ ასოცირებული "ღამის შოუს ბენდი"  აქტიურად ეხმარებოდა.  ეს შრომა, ბენდს თავის მხრივ დაუფასდა სახელისუფლო კეთილგანწყობებით. მაგალითად, მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტიდან დაფინანსებული ბევრი ღონისძიების მუსიკალურად გაფორმებით.

ისევ ახალ წელს რომ დავუბრუნდეთ, საახალწლო ღონისძიებებისთვის, ასევე,  სცენისა და აპარატურისთვის, ფოიერვერკებისთვის, ახალი განათებებისთვის, ნაძვის ხესა და სათამაშორებთან ერთად, ქალაქი 366 100 ლარამდე დახარჯავს, თითქმის 70 000-ით მეტს ვიდრე შარშან.

ჩანს,  ამის ფუფუნების უფლება ქალაქს აქვს. ბოლოსდაბოლოს წელს ქვეყანაში 10%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს ხომ უნდა აისახოს რაღაცაში. მაგალითად, ახალი წლის აღნიშვნაში. 

აქვე, საახალწლო სლოგანის მოფიქრებაც შეიძლება. მაგალითად -  "10%-იანი ეკონომიკური ზრდის ქალაქი". 

მერე რა, რომ ამ ზრდის მიუხედავად ქალაქს ისევ ათასობით სოციალურად დაუცველი ყავს და ამდენივე ან ამაზე მეტი ემიგრაციაში გაქცეული პირი, მათ შორის საჯარო სამსახურებიდან მექსიკის საზღვრამდე. ისინი როგორც ჩანს „არაჩვეულებრივ დემოკრატიას“ და „ეკონომიკურ დუღილს“ გაექცნენ. სხვა აბა რა უნდა ვიფიქროთ?!.

მათთვის კი ვინც დარჩა და ვერ გაიქცა სხვა გამოსავალი მოიძებნა. ქალაქმა სოციალური პროგრამის ფარგლებში 4000 ბენეფიციარისთვის  საახალწლო ნობათების შესაძენად 31 ოქტომბერს 190 360 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ერთ თვეში სოციალური პროგრამის ფარგლებში ისევ  საახალწლო ნობათებისთვის 100 000 ლარიანი მეორე ტენდერი გამოცხადდა. ჯამში,  300 000 -მდე ლარი სოციალურად დაუცველებს მოხმარდება საახალწლოდ ერთი ქათამი და ბოთლი ღვინო მაინც რომ ჰქონდეთ.

ადგილობრივი ხელისუფლება მარტო ამაზე არ ჩერდება და ქალაქის ბიუჯეტის პროექტში მთელ 5 მილიონზე მეტს გამოყოფს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად. მაშინ როცა, განათლებისთვის მხოლოდ 250 ათასის დახარჯვაზეა საუბარი. 

"ეკონომიკურმა დუღილმა " ვერ შეამცირა სოციალური დახმარების მსურველთა რაოდენობა და ვერ აქცია განათლება პრიორიტეტად. ისევ ელემენტარული საჭიროებების მოპოვება დარჩა მთავარი რიგის ამოცანა. 

ამიტომ, აქვე სხვა სლოგანის  მოფიქრებაც შეიძლებოდა "ნაკლები განათლება, მეტი სოციალური ნობათი", ან " ნაკლები განათლება, ნაკლები თავის ტკივილი" თუმცა, ეს სლოგანზე უფრო ლოზუნგივით ჟღერს, რომელიც მავანი სახელისუფლო ჯგუფებისთვის სამოქმედო გეგმაა...

ქუთაისს საახალწლო სლოგანი არა აქვს. თუმცა აქვს გასულ წელთან შედარებით ახალი წლის უფრო პომპეზურად აღნიშვნის სურვილი. მაშინ როცა,  მეგობარ სახელმწიფოში ომი, სიბნელე და სიცივეა. ომი, რომელიც შენც გეხება... 

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ახალი წელი
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.