ახალი ამბები
"გადავარჩინოთ გელათი"- აქცია ქუთაისის მერიასთან
FaceBook
"გადავარჩინოთ გელათი" - ამ მოთხოვნით ქუთაისში აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები  მოქალაქეებთან ერთად, ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილები და გელათის  სამონასტრო კომპლესში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ.

მათი მოთხოვნაა,  ხელისუფლებამ  გელათის შესახებ დადებული დასკვნები გაასაჯაროვოს. 

"პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნაა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც გელათთან დაკავშირებით უცხოელმა ექსპერტებმა დადეს, გასაჯაროვდეს. ვხედავთ, რომ ძეგლი დაზიანების თვალსაზრისით უკიდურეს მდგომარეობამდეა მისული, ამიტომ ექსპერტების დასკვნები უნდა იყოს ცნობილი. ამასთან, უნდა გამოიკვეთოს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში აშავებდა გელათში და ცდილობდნენ ეს პროცესი აქამდე მიჩქმალულიყო", - ამბობს მოძრაობია "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2020 წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. თუმცა შემდეგ სახელმწიფოს პრობლემის აღიარება მოუწია და გელათის გადასარჩენად 2021 წლის ზაფხულიდან საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა მისია მოიწვია.

UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი და ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები.

ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
Print