ახალი ამბები
ქუთაისში შშმ პირთა დღის ცენტრს უბინაოდ დარჩენა ემუქრება
FaceBook
ქუთაისში მოქმედი შშმ პირთა დღის ცენტრს თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება.
დღის ცენტრის ხელმძღვანელები ფინანსურ დახმარებას მერიას თხოვენ.

"დღის ცენტრის არსებობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ესაა ერთერთი ადგილი, სადაც ერთად ვიკრიბებით, უამრავ რამეს ვსწავლობთ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული ვართ. ჩვენი ხელთნაკეთობებით არაერთ გამოფენაში მიგვიღია მონაწილეობა და ამით ბედნიერები ვართ," - ამბობს 28 წლის ნატალია კუპატაძე, რომელიც რამდენიმე წელია დღის ცენტრის ბენეფიციარია.

შშმ პირთა დღის ცენტრს "ვალენტინა" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი აფინანსებს. ერთ ბენეფიციარზე ყოველთვიურად 11 ლარია გათვალისწინებული.

შშმ პირთა დღის ცენტრის "ვალენტინა" წარმომადგენელი იზო მახათაძე განმარტავს, რომ ამ თანხიდან 3.80 ლარი ბენეფიციართა კვებისთვისაა გათვალისწინებული, დარჩენილი თანხა კი ადმინისტრაციის ხელფასებსა და კომუნალურ ხარჯებს ხმარდება. იზო მახათაძე განმარტავს, რომ ფართის დასაქირავებლად დღის ცენტრის შემოსავლებიდან თანხები საკმარისი არაა.

"თუკი ადგილობრვი მთავრობა რაიმე სახის ფინანსურ დახმარებას გაგვიწევს, ჩვენ შევძლებთ ფუნქციონირების გაგრძელებას. ბენეფიციარების ქუჩაში დატოვება ტრაგედიის ტოლფასია. ისინი აქ მოდიან და უამრავ რამეს სწავლობენ. მათთვის ეს ცენტრი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს ღირსეულ და სრულფასოვან ადამიანებად გრძნობენ. ყოველდღიურად გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან რა ბედი ელით," - ამბობს იზო მახათაძე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში განამრტავენ, რომ დღის ცენტრებში ბენეფიციართა დაფინანსების სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირია და მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაფინანსების ზრდა გათვალისწინებული არაა.

სამინისტროში ასევე, განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი დღის ცენტრის ფუნქციონირებას საფრთხე ფართის გამო ექმნება, ამ საკითხით ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს.

"ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღის ცენტრს დროებით დაუთმოს ის ფართი, რომელსაც არ იყენებს. ჩვენი მხრიდან კი შესაძლებელი იქნება სარეკომენდაციო წერილი მომზადდეს," - აცხადებენ ჯადაცვის სამინისტროს სოციალურ დეპარტამენტში.

რაც შეეხება ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას, დღის ცენტრის ხელმძღვანელები ქუთაისის მერთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში გეგმავენ. მანამდე კი მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ საკითხის შესწავლა და დღის ცენტრისთვის შესაბამისი მხარდაჭერის გზების მოძიება, შეხვედრის შემდეგ მოხდება.

შშმ პირთა დღის ცენტრი "ვალენტინა", სადაც ამ დროისთვის 14 ბენეფიციარია გაწევრიანებული, 2015 წლის აპრილიდან ქართულ-ევროპული სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. იმის გამო, რომ კერძო სკოლის მეპატრონეებმა ცენტრთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტეს, ბენეფიციარებს უბინაოდ დარჩენა ემუქრებათ.
Print