ახალი ამბები
„მაყურებლის მხრიდან გამოთქმული, თუნდაც აგრესიული კომენტარები, შეიძლება სულაც არ იყოს სიძულვილის ენა“ - ეთიკის ქარტია
FaceBook
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის სიუჟეტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს .

როგორც სიუჟეტში ჩანს მარიკა ბაკურაძემ "ფეისბუკზე" თავისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მაყურებლებს დაურეკა და მათი კრიტიკული მოსაზრებების გამო პასუხი მოსთხოვა,ამ საუბრის საუბრის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და მისი სიუჟეტის კრიტიკოსების შეფასებები გადაცემაში სხვა წამყვანებთან და სტუმართან ერთად განიხილა. გადაცემაში მაყურებელების შეფასებებს  სიძულვილის ენა უწოდეს.

თუმცა "ქარტიის" საბჭო, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში  მიუთითებს, რომ მაყურებლის მხრიდან კრიტიკის მიზნით გამოთქმული თუნდაც აგრესიული კომენტარები ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შეიძლება სულაც არ იყოს სიძულვილის ენა და ყველა კრიტიკული, შეურაცხმყოფელი და თუნდაც უცენზურო კომენტარის სიძულვილის ენად შეფასება დაუშვებელია.

"სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით", - განმარტებულია განცხადებაში.


„სიუჟეტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილისგან გამოითქვა პრეტენზია, როგორ და საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა მოქალაქეების მობილურის ნომრები. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ არ მიიჩნევს ჟურნალისტის მხრიდან პროფესიულ დანაშაულად ნებისმიერი მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვებას და მის გამოყენებას კომენტარის/ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუკი არსებობს საჯარო ინტერესი, თუმცა იქვე დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა. 

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

ამასთან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი არ ვრცელდება მედიაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია და შეიცავს მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს. 

ქარტიის საბჭოს არაპროფესიონალურად მიაჩნია მედიის მხრიდან აუდიტორიისთვის პასუხის მოთხოვნა კრიტიკაზე, რადგან სწორედ საზოგადოებაა ის, ვისაც, არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა გააკრიტიკოს, დაიწუნოს ან მოიწონოს ჟურნალისტი და მისი მედიაპროდუქტი.

მედიას უნდა ახსოვდეს, რომ ჟურნალისტი ქმნის საჯარო პროდუქტს, ის თავადაც საჯარო პირია და მისი კრიტიკის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი ფორმით, თუ, რა თქმა უნდა, ის არ სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას, მუქარას, სიძულვილის ენას. 

კრიტიკის გამო ადამიანების საჯაროდ შერცხვენა, მათთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მედიას სწორად არ ესმის საკუთარი მისია, საკუთარი მოვალეობა. მეტიც, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ისე თავად მედიასაშუალებისთვის", - წერია განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია "იმედის" აღნიშულ საკითხის შესწავლა დაიწყო. 

ბაკურაძის თქმით, სიუჟეტი სიძულვილის თემის საილუსტრაციოდ მოამზადა.


Print