ახალი ამბები
„ენჯეოების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს“ - "ხალხის ძალა"
FaceBook
„(ენჯეოების) დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს“, - ამის შესახებ განცხადებას ,,ქართული ოცნებიდან"  ე.წ. "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილ დეპუტატთა პარტია, ხალხის ძალა  ავრცელებს. 

ისინი  წერენ, რომ იმუშავებენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის მკაცრი ჩარჩოების დამდგენ კანონპროექტზე. "სიმართლის მთქმელები"  ირწმუნებიან,  რომ ვითომდა ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი ენჯეოებზე არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ „ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე „აგენტურას“ ხმარდება“.

„ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ", - წერს "ხალხის ძალა" გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების საფუძველი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართული დებატებია, სადაც საქართველოს დაფინანსების გადახედვის საკითხიც წამოიჭრა. სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ თუკი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა გაგრძელდება, შტატებმა ბიუჯეტზე მუშაობისას უნდა გადახედოს დაფინანსების საკითხს.
Print