ახალი ამბები
"ქართული ოცნება","კონსერვატიული მოძრაობა", „ლელო“ - რა რაოდენობის შემოწირულობა მიიღეს პარტიებმა
FaceBook
პირველ ადგილზე "ქართული ოცნება", მეორეზე - "კონსერვატიული მოძრაობა",  მესამე - "ლელო საქართევლოსთვის" - საერთაშორისო გამჭვირვალობამ (TI) 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პარტიების შემოწირულობები შეისწავლა.

ამ პერიოდში ყველა პარტიამ ჯამში 1 944 073 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო, აქედან 666 000 ლარი (34%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე "კონსერვატიული მოძრაობაა" ("ალტ-ინფო") 393 611 ლარით ხოლო მესამეზე – "ლელო საქართველოსთვის" 370 600 ლარით.








"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" საანგარიშო პერიოდში 666 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერ არის განხორციელებული, კერძოდ:

ნატო ხაინდრავამ, ზურაბ გოგუამ და გოჩა ჩიკვილაძემ ერთ და იმავე დღეს ჯამში 100 000 ლარი შეწირა ქართულ ოცნებას, ეს პირები სხვადასხვა სახით დაკავშირებულნი არიან "სს ქართუ ბანკთან" და "სს ქართუ ჯგუფთან". ჩამოთვლილ სამ პირს წარსულში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 840 000 ლარამდე აქვთ შეწირული.

ერთ და იმავე დღეს შეწირეს "ქართულ ოცნებას" ჯამში 100 000 ლარი ნოშრევან ნამორაძემ და მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემ. ნამორაძე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, ის სამშენებლო ბიზნესს ეწევა. მისი სახელი ბიზნესმენ დავით კოდუას მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, 2014 წელს, როდესაც ის სასამართლომ გირაოს გადახდის გზით გაათავისუფლა. ნამორაძეს უკავშირდება, აგრეთვე, თბილისში თაბორის მთაზე არსებული ვრცელი ტერიტორიის პრივატიზებისთვის მომზადება. ნოშრევან ნამორაძეს და ნინო სუთიძეს წარსულში "ქართული ოცნებისთვის" 170 000 ლარი აქვთ შეწირული.

ნუგზარ დეკანოიძემ და ივანე ფარქოსაძემაც ერთ დღეს გადაწყვიტეს "ქართული ოცნებისთვის" ჯამში 100 000 ლარის შეწირვა. ნუგზარ დეკანოიძე შპს "Gეო შანდ"-ში ივანე ფარქოსაძის პარტნიორის, მამუკა დეკანოიძის ბიძაშვილია, ნუგზარ დეკანოიძე აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის ნათესავი და საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დირექტორია. წარსულში, შპს "Gეო შანდ"-მა, ივანე ფარქოსაძემ, მამუკა და ნუგზარ დეკანოიძეებმა "ქართულ ოცნებას" ჯამში 545 000 ლარი შეწირეს.

თამაზ თამაზაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, მან "ქართულ ოცნებას" 10 000 ლარი შეწირა. გასულ წლებში მას 12-ჯერ აქვს მმართველი პარტიის სასარგებლო შემოწირულება გაღებული, ჯამში – 57 185 ლარი და სხვა.

Print