ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ მერიას მგზავრობის გაძვირებაზე დეტალური ანგარიში მოსთხოვა
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრასნპორტზე მგზავრობის გაძვირება, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზეზით, დროებით შეჩერდა.
ეს გადაწყვეტილება მიიღო დღეს საკრებულომ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე.

"აღნიშნული საკითხები საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით, თვითმმართველობის აღმასრულებელ რგოლთან შეთანხმებით დამატებითი შესწავლისა და ფინანსური ანალიზის წარმოდგენის მიზნით შეჩერებული იქნა.

საკრებულოს ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით მერიამ, მოსახლეობას და საკრებულოს მიმდინარე თვეში უნდა წარუდგინოს მუნიციპალური ტრანსპორტის ხარჯების დეტალური ფინანსური ანგარიში. ასევე, ანგარიშგების და სუბსიდირების ანალიზი.

მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, საკითხი განხილული უნდა იქნას თვითმმართველობაში არსებულ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებში, მათ შორის მერიის მრჩეველთა საბჭოში.

მნიშვნელოვანია მოხდეს მოწყვლადი ჯგუფებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან სუბსიდირებას ითვალისწინებს. რის შემდეგაც საკრებულო დაუბრუნდება აღნიშნული საკითხის განხილვას", - ასეთია საკრებულოს გადაწყვეტილება.

ქალაქის მერია ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულების მატებას გეგმავდა, რომელიც 15 ნოემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა განეხილათ.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრასნპორტზე მგზავრობის ღირებულების გაორმაგება იგეგმებოდა, რაც , თავის მხრივ, საქალაქო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფის გაორმაგებასაც გამოიწვევს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობა ძვირდება

Print