ახალი ამბები
"ომის დროს, ჩვენ ემოციებს არ უნდა ავყვეთ" - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
FaceBook
ხერსონიდან რუსი ოკუპანტების განდევნას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომის დროს ემოციებს არ უნდა აყვნენ, როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტრისთვის გაწეული წინააღმდეგობაა, და ეს  გმირი მებრძოლების სიცოცხლის ფასად ხდება.

"დღეს მედიაში დიდი სიხარულია და გასაგებია რატომაც. მაგრამ ომის დროს, ჩვენ ემოციებს არ უნდა ავყვეთ.

მე ნამდვილად არ გავანებივრებ მტერს ჩვენი ოპერაციების ყველა დეტალით - არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც სხვაგან. როცა ჩვენ შედეგი გვექნება, ამას ყველა დაინახავს.

შესაძლოა, ეს არ ჟღერს ისე, როგორც ახლა ბევრი ელოდა; შესაძლოა არა ისე, როგორც ეს ახალ ამბებში ჩანდა.

მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ: არავინ გაიქცევა, თუ არ გრძნობს ძალას. მტერს არ მოაქვს ჩვენთვის საჩუქრები, მტერი არ გვიკეთებს "კეთილგანწყობის ჟესტებს" - ჩვენ ვიბრძვით თავდადებით. როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტრისთვის გაწეული წინააღმდეგობაა, და ეს ჩვენი გმირების სიცოცხლის ფასად გვიჯდება.

ამიტომ ვმოძრაობთ ძალიან ფრთხილად, ემოციების გარეშე, ზედმეტი რისკის გარეშე - მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. რომ დანაკარგები რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკას, დონეცკის და ჩვენი სხვა ქალაქების გათავისუფლებას.

მაგრამ ეს იქნება ჩვენი ძალისხმევის შედეგი, ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების, რაც ამჟამად მიმდინარეობს და რასაც ჩვენ ვგეგმავთ."

9 ნოემბერს, საღამოს, უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა "შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების" საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.
Print