ახალი ამბები
"იოსებ იცხოვრებდი ასეთ ქუჩაზე?!" - აქცია ქუთაისის მერიასთან
FaceBook

ქუთაისის მერიის წინ ​დასუფთავების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი ჩატარდა.

აქციის ინიციატორი და ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი "როდემდე?!

ჯგუფის წევრებმა პერფორმანსის ფორმით სცადეს ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების ყურადღების მიპყრობა დასუფთავების პრობლემის მიმართულებით. 

"იოსებ შენ იცხოვრებდი ასეთ ქუჩაზე?!"- კითხვა დაუსვეს აქტივისტებმა ქუთაისის მერს.

პერფორმანსზე წარმოდგენილი იყო ფოტოები კონკრეტული უბნებიდან და ნაგვის პარკები, რომლებზეც იმ ქუჩების სახელები იყო დატანილი სადაც დასუფთავების მხრივ მძიმე მდგომარეობაა.

ნიკეა, ხუნდაძის ქუჩა, ავანგარდი, საფიჩხია და სხვა ბევრი ქუჩა და უბანი მოხვდა ამ ჩამონათვალში. 

"ჩვენ გვსურს, გავაგებინოთ მერიას, რომ ქუთაისში ადამიანებს - სხვადასხვა ქუჩიდან აწუხებთ დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხები: დანაგვიანებული ქუჩები, არასაკმარისი ურნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის ინტენსივობა.მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას გადადგან შესაბამისი ნაბიჯები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად", - აღნიშნავენ ჯგუფის წარმომადგენლები. 

"როდემდე?!" თავისუფლების აკადემიის ქუთაისის ჯგუფის სტუნდეტების პროექტია.  საინიციატივო ჯგუფი მუშაობს ქუთაისში არსებულ პრობლემებზე.
Print