ახალი ამბები
პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ბავშვზე ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო იძალადა - PHR
FaceBook
გორის რაიონულმა სასამართლომ ბავშვის ფიზიკური დასჯის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბავშვზე მოძალადეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

ინფორმაციას (PHR) პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს (PHR). ეს ორგანიზაცია აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

საქმე ეხებოდა ბავშვს, რომელმაც ხილი უნებართვოდ მოკრიფა. ამის გამო კი ხილის ერთერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ხიდან ძალით ჩამოათრია, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.

ძალადობის ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ, გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელმაც გიორგი დასაჯა და ღირსება შეულახა.

"მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში გავიარეთ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ბოლოს უკვე მეგონა რომ არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ დღეს ძალიან მაგარი იყო ეს განაჩენი. დიდი მადლობა თქვენს იურისტს, ანა თავხელიძეს, რომელმაც ბევრი იბრძოლა, და სასამართლოს და მოსამართლეს მადლობა ამ განაჩენისთვის. ბედნიერი დღე გვაქვს"- ამბობს ბავშვის დედა.
Print