ახალი ამბები
მესხიშვილელებმა, მიკროავტობუსის გადაცემის გამო, მადლობა თეა წულუკიანს ვიდეომიმართვით გადაუხადეს
FaceBook
"მადლობა სამინისტროს და პირადად ქ-ნ თეა წულუკიანს" - ქუთაისის მესხიშვილის თეატრის წარმომადგენლებმა კულტურის მინისტრისადმი მადლიერების გამომხატველი ვიდეო ჩაწერეს და თავიანთ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს.

საყოველთაო და კოლექტიური მადლობის მიზეზი მიკროავტობუსია, რომელიც კულტურის სამინისტრომ თეატრს გადასცა. 

"სამინისტრომ გადმოგვცა ახალთახალი მიკროავტობუსი, რომლითაც უამრავი რამის გაკეთება შეუძლია ჩვენს თეატრს. მთელი თეატრი აღფრთოვანებული და  გახარებულია. ადამიანი ვერ ვნახე, რომელიც ამ ფაქტს საოცრად დიდი ემოციით და დიდი სიხარულით არ შეხვდა. ძალიან დიდი მადლობა", - მიმართა ვიდეოში კულტურის მინისტრს თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

აღფრთოვანებულმა და გახარებულმა თეატრალებმა მადლობის სიტყვები არ დაიშურეს და ვიდეოშიც მრავალგზის გაიმეორეს თავიანთი ბედნიერების შესახებ, რომელიც მათ მიკროავტობუსის თეა წულუკიანის უწყებიდან გადაცემამ მოგვარა. 

სამინისტრომ მიკროავტობუსი კიდევ ცხრა თეატრს გადასცა. 

როგორც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წლიდან დაიწყო. შედეგად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 10 თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადაეცა. თითოეული ავტობუსი თეატრთა ცალკეული სიმბოლოებით გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა თავად გადასცა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს საჩუქარი და მათ წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.

უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი თეატრების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა და ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძენილ ავტომანქანებს (ე.წ. ყუბანი) ფლობენ. თეა წულუკიანის ინიციატივით, თეატრების ანგარიშზე არსებული ტრანსპორტის განახლება დაიწყო და ამ ეტაპზე, თბილისის 3 და რეგიონულ 7 თეატრს უახლესი მიკროავტობუსები გადაეცა.

კულტურის სამინისტრომ ათი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია შპს „სენამოტორსმა” და მასთან 2022 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა.

მიკროავტობუსების შეძენა ბიუჯეტს 1 061 480 ლარი დაუჯდა. 

Print