ახალი ამბები
უკრაინამ გარდატეხა ომის მსვლელობა და წინააღმდეგობას უწევს რუსეთის არმიას, რომელიც გამოფიტულია - ბრიტანული სპეცსამსახური
უკრაინამ გარდატეხა ომის მსვლელობა და წინააღმდეგობას უწევს რუსეთის არმიას, რომელიც გამოფიტულია, წერს რადიო თავიოსუფლება BBC-ზე დაყრდნობით.

რუსული არმიის გამოფიტვის შესახებ  საუბარია დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურის, სამთავრობო კავშირების ცენტრის(GCHQ) ხელმძღვანელის, ჯერემი ფლემინგის მოხსენებაში, რომელიც დღეს, 11 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნდეს.

BBC, რომელმაც ტექსტის ნაწილი წინასწარ მოიპოვა, წერს, რომ სპეცსამსახურის შეფასებით, მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ 10 ოქტომბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევისა, რუს სამხედროებს საბრძოლო მასალები უმთავრდებათ და ეს იციან ადგილებზე მყოფმა მეთაურებმა. ფლემინგის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ სიტუაციის შეფასება და მიღებული გადაწყვეტილებები მცდარი იყო და ამას რუსეთის მოქალაქეებიც ხედავენ.

დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კავშირების ცენტრი სპეციალური სამსახურია, რომელიც პასუხისმგებელია რადიოელექტრონულ დაზვერვასა და სამთავრობო ორგანოების და არმიის საინფორმაციო დაცვაზე.


Print