ახალი ამბები
წყალტუბოში სანატორიუმი "ივერია" გაიყიდა
FaceBook
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი "ივერია" გაიყიდა.

სანატორიუმი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობებიანი აუქციონის ფორმით 253 000 ლარად გაყიდა.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.

სასტუმროში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი, ასევე აშენდება 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.

წყალტუბოში 2015 წლის ზაფხულში ყოფილი სანატორიუმი "მეშახტე" გაიყიდა, სადაც 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება.

სანატორიუმი "მეშახტეს" მფლობელი შპს "ქეი ბი ფი თბილისია", რომელმაც ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით 2 500 000 დოლარად შეიძინა.
Print