ახალი ამბები
ჩემის სურვილია მთავარი ოფისი ქუთაისში იყოს - ომბუდსმენობის კანდიდატი
FaceBook
სამეცნიერო - ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგის" თანადამფუძნებელს ნუგზარ კოხრეიძეს საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის კონკურსში ღია მხარდაჭერას უკვე 40-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია უცხადებს.
ამის შესახებ კოხრეიძემ დღეს გამართულ მის მხარდასაჭერ ბრიფინგზე ისაუბრა.

მხარდამჭერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს კოხრეიძე განიხილონ, როგორც პოტენციური საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატი.

ბრიფინგზე ნუგზარ კოხრეიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის პოზიციის დაკავების შემთხვევაში მისი სურვილია ომბუდსმენის მთავარი ოფისი ქუთაისში იყოს.

"მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ორგანიზაციას, რომელმაც ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაც სწორედ ეს არის. ვფიქრობ, ასეთი აქტურობა და ჩართულობა ინსტიტუციურ დონეზეც შეიძლება გაგრძელდეს თუ მხარდაჭერა ექნება ჩემ სურვილს ქვეყნის ეს მნიშვნელოვანი სტრუქტურა თავის მთავარ ოფისს ქუთაისში დაიდებს. მიმაჩნია ეს იქნება შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოსთვის და განსაკუთრებით გააძლიერებს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს რეგიონებში. რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ ყველა კანდიდატს და ჩვენს ქვეყანას რადგან ეს მნიშვნელოვანი პროცესია 12 პუნქტის აღსრულების მიმართულებით"

აქვე, ნუგზარ კოხრეიძეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2007-2018 წლებში მუშაობდა გაეროს მიგრაციის სააგენტოში (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ქუთაისის ოფისის საველე კოორდინატორად; 2018 წლიდან მუშაობს გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაცია “ბერგჰოფის ფონდი”, რომელიც საქართველოში ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსურ სამშვიდობო დიალოგის საკითხებზე მუშაობს; 2021 წლიდან არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე და მესამე სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი; 2022 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კლიმატის მოქმედებათა ქსელის (Climate Action Network - CAN) საბჭოს წევრი.

სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა.

კანდიდატებს შორისაა, “სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე.

განცხადებების მიღება 29 სექტემბერს დასრულდა. უკვე შერჩეულია 9-კაციანი კომისიაც, რომელიც ამ კანდიდატებს შეაფასებს. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ ფრაქციები დაასახლებენ ომბუდსმენობის კანდიდატებს და პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს კანდიდატების საპარლამენტო ფორმატში მოსმენას.


Print