ახალი ამბები
მორგებულ ტენდერებს ყოველთვის ვებრძოდით, ასეთი მორგება შემცირდა - სააგენტოს უფროსი
FaceBook
პარლამენტში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსმა ლევან რაზმაძემ განაცხადა, რომ ერთ პირზე მორგებული სახელმწიფო ტენდერების რაოდენობა შემცირებულია.
მისი განმარტებით, ამ მხრივ სააგენტო წლების განმავლობაში პრევენციულ ნაბიჯებს დგამდა, რომლებმაც ხელშესახები შედეგები გამოიღო.

შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი გამოცხადებული ტენდერების სპეციფიკაციას ამოწმებენ და აკვირდებიან კონკრეტული ტენდერის პირობები იძლევა თუ არა კონკურენტულ პირობებში ჩატარების შესაძლებლობას. თუმცა, მეორეს მხრივ სააგენტოს უფროსის განცხადება მიანიშნებს იმას, რომ უწყებები ამა თუ იმ სახით მორგებულ ტენდერებს კვლავ აცხადებენ.

“ჩვენ ყოველთვის ვებრძოდით პირობების მორგებას და მინდა გითხრათ, რომ აღარ ხდება. ასეთი მორგება შემცირდა, ჩვენ ნელ-ნელა განვავითარეთ სისტემა და პრევენციულ ღონისძიებებსაც ვიღებთ. თუ აქამდე გამოცხადებულ ტენდერებს ვამოწმებდით, ახლა კვალ და კვალ მივყვებით, რომ გამოცხადდება დოკუმენტაციასაც ვამოწმებთ უკვე რამდენად სწორად გამოცხადდა. ხომ არ არის სპეციფიკაცია მორგებული, ამის გადამოწმება მარტივია, რადგან რომ მოძებნი ინტერნეტში არის სპეციფიკაცია და თუ რამე ზედმეტია, ის გამოჩნდება.

მაგალითად თუ მორგებულია, სპეციფიკაციის ძებნისას თუ ამოაგდო 3 პროდუქტი, მაშინ ყველასთვის გამჭვირვალეა, და შეიძლება 3; 10 ან 20 მომწოდებელიც იყოს. თუ ამოაგდო მინიმუმ 3 პროდუქტი, ეს ტენდერი ითვლება, რომ ნორმალურია და ნორმალური მიმართულებით მიმდინარეობს,”- განაცხადა შესყიდვების სააგენტოს უფროსმა ლევან რაზმაძემ.

ჩინოვნიკების, მათთან დაახლოებული პირების კომპანიებზე მორგებულ და ერთ ლარად მოგებულ სახელმწიფო შესყიდვებზე "ქუთაისიპოსტს" არაერთი სტატია მოუმზადებია.



ასევე,  კვლევები და ანგარიშები მოუმზადებიათ ამავე საკითხზე  არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველოსაც".
Print