ახალი ამბები
მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი მიიღო
FaceBook
საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.
რეგლამენტში განსაზღვრულია რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი და რა სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი თითოეული ხბოსთვის. ამის გარდა,  რეგლამენტი  მოიცავს ფერმერებისთვის განსაზღვრულ ვეტერინარიულ მოთხოვნებსაც.

დადგენილების მიხედვით ხბოს დაცვის მოთხოვნები ასეთია:

1. ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და აღჭურვილობა, რომელთანაც ხბოებს უშუალო შეხება აქვთ, არ უნდა იყოს საზიანო მათთვის და უნდა ექვემდებარებოდეს სრულად რეცხვა-დეზინფექციას.

2. ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.

3. იზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სადგომში უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და გაზის კონცენტრაციების იმ ზღვრულად დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნება, რაც სადგომში მყოფი ცხოველებისათვის ზიანის მომტანი არ იქნება.

4. ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი ყველა ავტომატური და მექანიკური აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ერთხელ დღეში. ხარვეზ(ებ)ი აღმოჩენისას უნდა გამოსწორდეს დაუყოვნებლივ ან, თუ ეს შეუძლებელია, ხარვეზის გამოსწორებამდე შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული (ალტერნატიული მეთოდები განსაკუთრებით გამოკვებისა და დამაკმაყოფილებელი გარემოს შენარჩუნებისათვის) ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. სადაც ხელოვნური ვენტილაციის სისტემა გამოიყენება, ასევე მოწყობილი უნდა იქნეს სარეზერვო სისტემა, რაც ძირითადი სისტემის დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჰაერის განახლებასა და ხბოების კეთილდღეობას. სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ასევე უნდა მოქმედებდეს საგანგაშო სისტემა, რათა გაფრთხილებულ იქნეს ცხოველების მომვლელი გაუმართაობასთან დაკავშირებით. საგანგაშო სისტემა უნდა შემოწმდეს რეგულარულად.

5. დაუშვებელია ხბოების მუდმივად სიბნელეში განთავსება. მათი ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებული კლიმატური პირობები შესაბამისი ბუნებრივი ან ხელოვნური განათებისთვის. ხელოვნური განათების გამოყენებისას, ის უნდა ფუნქციონირებდეს ბუნებრივი განათების პერიოდში, ჩვეულებრივ, 9-იდან 5 საათამდე. გარდა ამისა, უნდა იყოს შესაფერისი განათება (ფიქსირებული ან პორტატული) საკმარისად ძლიერი, რათა შესაძლებელი იყოს ხბოების შემოწმება ნებისმიერ დროს.

ხბოს დაცვის სრული რეგლამენტი ნახეთ აქ.



Print