ახალი ამბები
პოლიციამ ვანში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
FaceBook
სამართალდამცავებმა ვანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 33 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა პირმა არაფხიზელ მდგომარეობაში ერთ-ერთი კვების ობიექტის მეპატრონეს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ვანში მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ობიექტის მეპატრონეს - 1982 წელს დაბადებულ დ.ჩ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ გ.ზ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ვანის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print