ახალი ამბები
ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
FaceBook
ქუთაისში, აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს, მათი ხსოვნის მემორიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს.

მათი თქმით, სწორედ აგვისტოს გმირების მსგავს ადამიანებზე დგას ქვეყანა და ქართველი ხალხი მათ არასდროს დაივიწყებს.

"14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. უმძიმესი დღეები იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ჰყავს თავის გმირები - ჩვენი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა ხსოვნას დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი'',-
განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

სასულიერო პირებმა, მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს.

მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

ომში რუსეთი ოფიციალურად  8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარის ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. მან საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

ცხრა აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა კოდორის ხეობაზე თავდასხმით მეორე ფრონტი გახსნეს და რუსეთის 58-ე არმიის ბატალიონმა კოდორის ხეობაც დაიკავა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი. სახლების დატოვება კი 263 598 ადამიანს მოუხდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ქუთაისში ომში დაღუპულ მებრძოლთა 8 ოჯახი ცხოვრობს.
Print