ახალი ამბები
კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს
FaceBook
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს.

ამის შესახებ დიპლომატმა  განმარატება „ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა.

კელი დეგნანის თქმით,  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

„როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.

როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

წელიწადნახევრიანი დუმილის შემდეგ პირველი  განცხადება ბიძინა ივანიშვილმა, გუშინ 27  ივლისს გააკეთა, სადაც  თქვა რომ ის კელი დეგნანს შეხვდა.

ასევე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე დღესაც არსებობს და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პარტნიორ აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები არ დაზიანდეს.

Print