ახალი ამბები
"ხერსონსა და ზაპოროჟიეში მოქალაქეების წამების ფაქტები გამოვლინდა" - HRW
FaceBook
ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის გაუჩინარების და წამების ფაქტები გამოვლინდა.

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ამის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის განცხადებით, მათმა წარმომადგენლებმა მოქალაქეების გაუჩინარების 42 შემთხვევა აღწერეს. მათ მიერ გამოკითხული ადამიანების თქმით, ოკუპანტები უკრაინელების წინააღმდეგ იყენებდნენ ელექტროშოკსაც.

,,წამების შემდეგ, ადგილობრივებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. მათ შორის, ძვლების და ნეკნების მოტეხილობა, მძიმე დამწვრობები, სისხლჩაქცევები, ტვინის შერყევა'',- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

HRW წერს, რომ ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა უკრაინის სულ მცირე ერთი მოქალაქე იძულებით გადაიყვანეს ოკუპირებულ ყირიმში, სადაც “გამოსასწორებელი სამუშაოს” შესრულებას აიძულებდნენ.

ორგანიზაციის განმარტებით, ოკუპაციის ფონზე მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავებისა და წამების მაღალი რისკები არსებობს, თუმცა მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე გადასვლის შესაძლებლობა თითქმის არ აქვთ.

უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმში თამილა თაშევა აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ვერ ახერხებს ხერსონის რეგიონში გაუჩინარებული ადამიანების ზუსტი რაოდენობის დადგენას, თუმცა მისი თქმით, თებერვლის შემდეგ, სულ მცირე, 600 ადამიანი გაუჩინარდა.

უკრაინაში 154 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print