ახალი ამბები
2023 წლიდან, საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ფუნქციონირებას
FaceBook
2023 წლიდან, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceXის პროექტი Starlink--ი დაიწყებს ოპერირებას.

სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე, Starlink--ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კითხით ახალი პროდუქტები. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.

SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს, ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა. სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ, საქართველოში შტარლინკ-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა.

ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.


Print