ახალი ამბები
"ხელისუფლება სამთავრობო არხის ჟურნალისტების ლოიალობას ყიდულობს" - გიგა შუშანია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ხელისუფლება სამთავრობო არხის და მთავრობის მიმართ ლოიალური ჟურნალისტების მოსყიდვას ცდილობს.

მისი თქმით, ამას ადასტურებს ქუთაისის მერიის მიერ ტელეკომპანია იმედის გადაცემა "ღამის შოუს" წამყვანის, გიორგი გაბუნიასთვის ჯამში 1000 კვ. მ. მიწის ფართის გადაცემას, საიდანაც იუმორისტმა 10 წლიანი იჯარით უკვე მიიღო 500 კვ.მ.

"ქუთაისის მერია ღამის შოუს წამყვანს, გიორგი გაბუნიას 10 წლით აძლევს 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, აქედან 500 კვ.მ 2021 წლის აგვისტოში უკვე გადაცემული აქვს ვალდებულებებით, მათ შორის არის სტადიონის მოწყობა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ბარიც კი არავის დაუდევს, ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის ნაცვლად, გაბუნიამ დამატებით კიდევ 500 კვ.მ მიწა მოითხოვა. ქუთაისის მერმა საკრებულოში უსწრაფესად შემოიტანა განცხადება, რომ დამატებით 500 კვ.მ გადასცეს. ეს არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური კორუფციის, როგორ ყიდულობს ლოიალობას "ქართული ოცნება" გავლენიანი ადამიანებისგან და შემდეგ ეს ადამიანები ათას ზიზღს, სიძულვილს ანთხევენ საზოგადოების იმ წევრების მიმართ, რომლებიც არიან დაპირისპირებული ამ ხელისუფლებასთან და სამართლიანად იბრძვიან დეოლიგარქიზაციისთვის",
- აცხადებს გიგა შუშანია.

გიგა შუშანია ქალაქის მერს მოუწოდებს, ერთხელ მაინც არ შეასრულოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა და გაიტანოს განცხადება საკრებულოდან.

ქუთაისის მერიაში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გიორგი გაბუნიასთვის მიწის გადაცემა კანონის დაცვით მოხდა.

"არაფერ შუაშია ლოიალობა. მიწის გაიჯარება კანონშესაბამისად მოხდა", - აცხადებენ მერიაში.

დოკუმენტების მიხედვით, მერიის მიერ ერთი წლის წინ გაიჯარებული მიწის ნაკვეთი გიორგი გაბუნიას მეგობრის, მერაბ ახვლედიანის სახელზეა გაფორმებული.

მერიისგან მიწის ნაკვეთის იჯარით აღებას ადასტურებს ტელეწამყვანი. გიორგი გაბუნიას თქმით, ადგილზე, მეგობართან ერთად, ბიზნესის გაკეთება უნდა.

"მერაბი არის ჩემი მეჯვარე. ერთად გადავწყვიტეთ პატარა ბიზნესის გაკეთება. ჩვენ თავიდანვე 1000 კვ.მ. მოვითხოვეთ, მაგრამ იმის გამო, რომ მაშინ ვერ მოხერხდა, ახლა განმეორებით შევიტანეთ წერილი. არც ვიცი რა არის ამ განცხადების პასუხი, არ ვიცი ამხელა ამბავი რატომ მოყვა ამ იჯარას. კი ბატონო, ამ მთავრობის მიმართ ვაფიქსირებ ჩემს კეთილგანწყობას, ასევე, ქუთაისის მერიც არის ჩემი ოჯახის მეგობარი", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში გიორგი გაბუნია.




გიორგი გაბუნია "ღამის შოუს ბენდთან" ერთად, ქალაქის მერს იოსებ ხახალეიშვილს საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა. ბენდს მერია ქალაქში სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაზეც ხშირად იწვევს.
Print