ახალი ამბები
კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა
FaceBook
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია "ანა" დააფუძნა და ქალებსა და ქალ მწერლებს მიუძღვნა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და იგი ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება. მისი ძირითადი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება იქნება. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისათვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ გამომცემლებს, საგამომცემლო სახლებს და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

• ქალი პროზაიკოსი - საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;

• ქალი პოეტი - საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;

• ქალი მთარგმნელი - საუკეთესო თარგმანისთვის;

• ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი.

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს.

წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან, 22 აგვისტოს, 12:00 საათამდე სამინისტროში.

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში.



Print