ახალი ამბები
„საჯარო სამსახურში ხელფასი ყოველწლიურად, 10%-ით გაიზრდება“ - ფინანსთა მინისტრი
FaceBook
"საჯარო სამსახურში ხელფასების რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება 2026 წლამდე", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.


მინისტრმა აღნიშნული განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ხუციშვილის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს მთავრობას დაევალა, საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურებში ხელფასები უნდა მოწესრიგდეს.

"დღეს განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის მოწესრიგება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, ჩამოყალიბდა გარკვეული მიმართულებები", - აღნიშნა მინისტრმა.

კერძოდ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სექტორში ხელფასები უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში არასახელმწიფო სექტორში გაიზრდება საშუალო ხელფასი.

ასევე, 2026 წლიდან ხელფასები უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი.

მინისტრის თქმით, დღევანდელი მოცემულობით, საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი იცვლებოდა და იყო 93-94 პროცენტიც, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე.

მთავრობის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით მომდევნო წლებში 2026-წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასები 10%-ით გაიზრდება იმისთვის, რომ მიღწეული იქნას გარკვეული პარამეტრები.

მისი თქმით, აღნიშნული პარამეტრები უკვე განხილული იქნება კანონმდებლობის დონეზე, როდესაც წარდგენილი იქნება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი.


Print