ახალი ამბები
ტყიბულში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი გოჩელაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს
FaceBook
ტყიბულის სოფელ წყნორში გოჩელაშვილების სამსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

დავით გოჩელაშვილი ტყიბულის მერიას  უყურადღებობაში, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს, მათი ოჯახის მძიმე მდგომარეობის არაობიექტურად შეფასებაში ადანაშაულებს.

"არავინ გვაქცევს ყურადღებას. ტყიბულის მერიას ფეისბუქგვერდზე მივწერე ჩვენი გაჭირვება და ფოტოებიც გავუგზავნე, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს. წლების წინ, სოციალური შემწეობით ვირჩენდით თავს და ისიც აღარ გვაქვს. განცხადება დავწერე, მოვიდნენ და 72 000 ქულა მოგვანიჭეს. ბევრი პირუტყვი გყავთ და მანქანაო, არადა, ეზოში ბაბუაჩემის ჯაბახანა მანქანა გვიყენია",
- ამბობს დავით გოჩელაშვილი.

დავით გოჩელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, რის გამოც, პირველი ჯგუფის პენსიას იღებდა, თუმცა, ახლა სტატუსი შეცვალეს და ფულადი დახმარების რაოდენობაც შეუმცირეს.

"პირველი ჯგუფის დახმარებას ვიღებდი 250 ლარს, მაგრამ 2016 წელს მეორე ჯგუფზე გადამიყვანეს. ამ ჯგუფზე პენსია უფრო ნაკლებია - 140 ლარი. სესხი ავიღე წამლები რომ მეყიდა, იმ თანხას ვიხდი და მხოლოდ 100 ლარი მრჩება. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა გავიტანოთ თავი. მშობლები მყავს, მაგრამ არცერთ მათგანს საპენსიო ასაკი არ აქვს. დასაქმებას და ჩემთვის კუთვნილ ფულად შემწეობას ვითხოვ ხალხო".


გოჩელაშვილების საცხოვრებელი სახლი

ტყიბულის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტმა გოჩელაშვილების ოჯახზე სხვადასხვა სახის დახმარება გასცა.

"ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყნორში მცხოვრებ მოქალაქეს, დავით გოჩელაშვილს მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინა. მან მერიას განცხადებით მომართა გასული წლის დეკემბერში და დეკემბერშივე გაეწია ერთჯერადი ფინანსური დახმარება. გარდა ამისა, მოქალაქემ მუნიციპალიტეტისგან მიიღო საახალწლო და სააღდგომო ნობათები.

2021 წლის დეკემბრის შემდეგ დავით გოჩელაშვილს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ოფიციალური განცხადებით არ მოუმართავს, მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის გვერდზე 15 ივლისს, პარასკევს სამუშაო საათების შემდეგ გამოაგზავნა შეტყობინება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით. კვირა დღესვე, დავით გოჩელაშვილთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, სადაც მან მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო შეთავაზება დახმარების აღმოჩენის შესახებ", - განმარტავენ ტყიბულის მერიაში.

რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კონკრეტული პრეტენზიებით თავად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სააგენტოს.

"თუ რამე პრობლემა აქვს, არის თუ არა რამე შეცდომა შეფასების დროს, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უნდა მოგვმართოს. ამაზე მეტის თქმის უფლება პერსონალური მონაცემების დაცვის გამო არ გვაქვს".

იმერეთში ამ დროისთვის ფულად შემწეობას 22 933 ოჯახი იღებს, რაც 3 290 ოჯახით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
Print