ახალი ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გავუძლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ
FaceBook
ჩვენ ასეთი ომის დროს შევძელით ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღება, შევინარჩუნეთ სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარე.
გადავაწყვეთ ენერგეტიკული სისტემა - ჩვენ გავუძლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, 32 წლის წინ ამ დღეს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია იქნა მიღებული და დღეს, როდესაც უკრაინელი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ისინი თავისი უფლებების ფარგლებში რჩებიან ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად და რაც მთავარია, იურიდიულად.

„32 წლის წინ ამ დღეს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია იქნა მიღებული. მრავალი წლის შემდეგ ეს ამ დონის პირველი დოკუმენტი იყო, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხალხის უფლება ეცხოვრა დამოუკიდებლად და დემოკრატიულად. დეკლარაციის ზოგიერთი პუნქტი იმ დროის რეალობასა და იმედებს ასახავდა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სუფევდა.

32 წლის შემდეგ, დონბასში ომის 8 წლის შემდეგ და რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის 143-ე დღეს შეიძლება მოგეჩვენოს, რომ დეკლარაციის ტექსტი შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ იმ დროში ეს ტექსტიც რევოლუციური იყო. დეკლარაციამ უკრაინის სახელმწიფოებრიობის ტრადიცია აღადგინა და სწორედ მის საფუძველზე შემდგომ იქნა მიღებული უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი. და დღეს, როდესაც ჩვენი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ ჩვენი უფლებების ფარგლებში ვართ სიტყვის მთელი გაგებით - ისტორიულად, პოლიტიკურად, კულტურულად და რაც მთავარია, იურიდიულად. მათ შორის ამასაც ეფუძნება ჩვენი ხალხის გამარჯვების რწმენა.

ჩვენ ასეთი ომის დროს შევძელით ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღება, შევინარჩუნეთ სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარე. გადავაწყვეთ ენერგეტიკული სისტემა, გადავამისამართეთ ყველა ლოჯისტიკური პროცესი ქვეყანაში - სამხედრო და ეკონომიკური და რაც მთავარია ვინარჩუნებთ შინაგან ერთობას, გადავლახეთ რა წარსულში ხელისშემშლელი კონფლიქტები და აზრთა სხვადასხვაობა.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს შეცდომებისა და განხეთქილების ფასი, რომელმაც წინა თაობებს გაურთულა გზა იმ შედეგებამდე, რომლებსაც დღეს მივაღწიეთ. უნდა გვახსოვდეს, რამდენი რამის გადატანა მოუხდა ჩვენს ხალხს, სანამ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენა შესაძლებელი გახდებოდა. ჩვენ გავუძლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, დავიბრუნებთ ყველაფერს, ავაშენებთ ჩვენს ცხოვრებას.

ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთბრძოლის გარეშე. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი ერის ყველა თაობის მიმართ, რომელიც იბრძოდა ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინც მუშაობს გამარჯვებისთვის და ვინც იცავს ჩვენს ხალხს. ვდგავართ ერთად! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ზელენსკიმ.
Print