ახალი ამბები
"ხელისუფლებამ პოლიციელების ბინებისთვის განკუთვნილი ფული მიითვისა"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პარტიას პოლიციელების ბინებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებს.


მისი თქმით, კორპუსები, რომლებიც ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 2020 წელს უნდა აშენებულიყო, ამ დრომდე დაუსრულებელია, ქართველი პოლიციელები კი, თავისივე ქვეყანაში საცხოვრებელი ფართების მიღების ნაცვლად, ამერიკის გზას დაადგნენ.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ დღეს, დაუსრულებელ კორპუსებთან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 33 465 912 ლარი, რომელიც მშენებლობისთვის გამოიყო, კონკრეტული ადამიანების ჯიბეში წავიდა.

,,სწორედ ეს შენობები ასახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ სახეს, მათ დამოკიდებულებას რიგითი პოლიციელების მიმართ, რომლებიც წლებია ბინას ელოდებიან, მაგრამ ეს თანხა მიდის კონკრეტული ადამიანის ჯიბეში. ყველა ქალაქში მიტოვებულია მშენებლობა. ფინანსური პრობლემების გამო კი პოლიციელები იძულებული არიან დატოვონ ქვეყანა და მექსიკის გავლით ამერიკაში გადავიდნენ", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებისთვის ორი, 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. პოლიციელებს 77 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, თეთრი კარკასით, 2020 წელს უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა, ადგილზე მხოლოდ 6 სართულია ამოყვანილი, მშენებლობა კი შეჩერებულია.

ქუთაისის გარდა, პოლიციელებისთვის ბინებს თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბათუმში "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია "თი ემ" აშენებდა. კომპანიის დირექტორს, ჯემალ გვარლიანს მმართველი პარტიისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული.


Print