ახალი ამბები
"სექსუალური ძალადობის მასშტაბები უზარმაზარია'' - გაერო უკრაინაში ძალადობის 124 ფაქტზე მუშაობს
FaceBook
გაეროს ადამიანი უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონიტორინგის ჯგუფმა უკრაინაში ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 სავარაუდო ფაქტის ანგარიშები მიიღო.
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლები იყვნენ ბავშვები, ქალები და კაცებიც.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრამილა პატენმა განაცხადა, რომ არსებული მონაცემები არ ასახავს სექსუალური ძალადობის მასშტაბებს და ის გაცილებით უფრო დიდია.

სამოქალაქო თავისუფლების ცენტრის გამგეობის ხელმძღვანელის ალექსანდრა მატვიიჩუკის თქმით, მსხვერპლი იშვიათად მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

ანგარიშის თანახმად, ერთ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჭირს ომის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, მსხვერპლის მხრიდან სირცხვილის გრძნობაა.

„ამ მდგომარეობის პირველი მიზეზი არის ის, რომ ეს არის ყველაზე ფარული დანაშაული. ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ სექსუალური ძალადობის შემდეგ, ამის შესახებ არ უყვებიან სამართალდამცავ ორგანოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ან უფლებადამცველებს'', - ამბობს ალექსანდრა მატვიიჩუკი.

მატვიიჩუკის თქმით, უკრაინაში ოკუპანტების პირისპირ ძალიან ბევრი მსხვერპლი აღმოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციები არ არის, ამის გამო ვერ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

„სექსუალური ძალადობის მასშტაბები უზარმაზარია, ახლა ვერავინ შეძლებს ზუსტი ციფრის დასახელებას, თუ რამდენმა ადამიანმა განიცადა სექსუალური ძალადობა უკრაინაში სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩვეულებრივი მოხალისეობრივი ინიციატივაც კი, რომელიც არ არის სპეციალიზებული ამ პრობლემაზე, ომის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევებს აღრიცხავს. ბოლო შემთხვევებიდან ერთი მსხვერპლი მამაკაცი იყო, დანარჩენი ქალები''.

სექსუალური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ჩერნიგოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში, ხარკოვში, ასევე ხერსონის, კიევის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ტრანსკარპატებისა და ჟიტომირის რეგიონებში.

უკრაინაში 140 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print