ახალი ამბები
ქარხანა ქუთაისში, რომელიც სამი უბნის მოსახლეობას წამლავს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა დარღვევებით მუშაობს.

ავანგარდი-პასელოკის გზაზე მდებარე საწარმო, სადაც ახლა კომპანია "ამბიკონ სტილსი" ოპერირებს, წლებია სამი უბნის: ავანგარდის, პასელოკისა და ნიკეას მოსახლეობას წამლავს. საწარმოში გაუმართავი სავენტილაციო სისტემის გამო, მომწამლავი ნივთიერებები, გამონაბოლქვის სახით, ღია სივრცეში იფრქვევა. ქარხნიდან შავი ფერის კვამლი ამოდის დღისითაც და ღამითაც. ადგილობრივები საუბრობენ მძიმე სუნზეც და მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს სიცოცხლისთვის საშიში პროცესის შეჩერებას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება მოსახლეობის პროტესტზე არ რეაგირებს.
სამი უბნის მოსახლეობის სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრების შესახებ ინფორმირებულია გარემოს დაცვის სამინისტრო. გარემოსადცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში იციან ისიც, ვინ წამლავს ხალხს, თუმცა, დეპარტამენტის ერთადერთი ბერკეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაა, რაც დამრღვევისთვის ბარიერს პრაქტიკულად არ წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ოქმი დეპარტამენტმა 30 მარტის მონიტორინგის დროს გამოწერა, როცა დადგინდა, რომ საწარმოს მიერ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აღემატებოდა. როგორც დეპარტამენტის მიერ ქუთაისიპოსტისთვის გამოგზავნილი წერილობითი პასუხით ირკვევა, "ამბიკონ სტილსს" უკვე ჰქონდა მიცემული გარკვეული მითითებები, რაც არ შეასრულა. ამის პასუხად დეპარტამენტმა კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.

"30 მარტს განხორციელებული ინსპექტირებისას გამოიკვეთა საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა სასამართლოში. 2022 წლის 9 ივნისს, დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა, ღამით, ტექნოლოგიური პროცესის განმავლობაში, კვლავ განახორციელეს ინსპექტირება. შედგა შესაბამისი აქტი. სააგენტოს თანამშრომლებმა 2022 წლის ივლისის თვეში განახორციელეს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი. კვლევის შედეგების მოწოდებისთანავე, დეპარტამენტის მიერ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",
- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხში.

ოქმის შედგენა და დაჯარიმება რომ მსხვილი საწარმოებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ეს ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მაგალითზეც კარგად ჩანს. "ამბიკონ სტილსი" სამი წელია გაუმართავი სავენტილაციო სისტემით მუშაობს და მხოლოდ ახლა ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ინდოეთიდან სპეციალისტს მოიწვევენ, რაშიც აქამდე ხელს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები უშლიდათ, თუმცა, ამ პროცესს 3-4 თვე მაინც დასჭირდება.

"რა თქმა უნდა დარღვევები არის გამოვლენილი, მაგრამ ეს არ არის ძალიან მაღალი გადაჭარბება მავნე ნივთიერებებთან მიმართებაში. ვენტილაციის სისტემის გამართვა ერთ და ორ კვირაში ვერ მოხდება, ამისთვის 3-4 თვე მაინც არის საჭირო. გარდა ამისა, ამ საქმეს სჭირდება სხვა დონის სპეციალისტი, რომლის მოძებნაც არ აღმოჩნდა მარტივი. კორონავირუსის გამო გაჭირდა სპეციალისტის ჩამოყვანა ინდოეთიდან, იყო ვიზის პრობლემაც. ცდილობს მენეჯმენტი, რომ ეტაპობრივად მოხდეს პრობლემის გადაჭრა", - ამბობს "ამბიკონ სტილსის" კორპორატიულ საქმეთა მენეჯერი ნათია სულაკაძე.

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი 2019 წელს განახლდა, როცა საწარმო მართვაში ინდურმა კომპანია შპს "ამბიკონ სტილსმა" აიღო. ქარხანაში პრობლემებია სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც, რაზეც ხშირად საუბრობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვდნენ საწარმოს თანამშრომლებიც, რომლებმაც 2020 წელს  აქციაც მოაწყვეს და პროტესტის ნიშნად 6 დღე იშიმშილეს.
Print