ახალი ამბები
უკრაინის ვიცე-პრემიერი ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს
FaceBook
უკრაინის ვიცე პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.


მისი თქმით, ტერიტორიების დატოვება აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილი კონტრშეტევის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს.

"ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას",
- განმარტა ვიცე-პრემიერმა.

ირინა ვერეშჩუკმა მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ტერიტორია ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც ოკუპირებული ყირიმის გავლით.

უკრაინაში ომი 138 დღეა მიმდინარეობს.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print