ახალი ამბები
ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია 10 დღეში უნდა დასრულდეს
FaceBook
ას საფეხურიანი კიბეების რეკონსტრუქცია 10 დღეში, 19 ივლისს  უნდა დასრულდეს.
თუმცა,  ობიექტზე ჯერ ისევ მიმდინარეობს ფილების დაგება. 

ადგილზე მყოფი მუშები პროცესის დასრულებას ერთ თვეში ვარაუდობენ.

"ერთ თვეში დავასრულებთ. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მხოლოდ კვირა დღეს ვისვენებთ".

კიბეების რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელი კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენის“ წარმომადგენელი დავით კაპანაძე იმედოვნებს, რომ სამუშაოები დათქმულ დროში დასრულდება, თუმცა, არც პროცესის დროში გახანგრძლივებას გამორიცხავს.

"დავასრულებთ დროულად თუ რამე შეფერხება არ მოხდა და პროექტში ისევ არ შევიდა ცვლილებები. ას საფეხურიანი კიბეები იქნება ისეთი, როგორიც ქალაქს შეეფერება", - ამბობს დავით კაპანაძე.

ბალახვნის კიბეების რეკონსტრუქციის დაპირება მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა, თუმცა, პირობის შესრულება 2021 წლამდე ვერ შეძლო, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში სამუშაოებისთვის ფინანსები ვერ გამოიძებნა. საბოლოოდ, კიბეების რეკონსტრუქცია ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რის შემდეგაც მერიამ ტენდერი (NAT210017615) გამოაცხადა.

სამუშაოებზე პასუხისმგებლობა კი 673 821 ლარის სანაცვლოდ შპს „ბრიტანია ქონსთრაქშენმა" აიღო. კომპანიას რეკონსტრუქცია ხუთ თვეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მალევე ხელშეკრულებაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც სამუშაოების ვადა ოთხი თვით გახანგრძლივდა, ხარჯთაღრიცხვა კი 67 370 ლარით გაიზარდა. საბოლოო ცვლილების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 19 ივლისს უნდა დაასრულოს, რისთვის ჯამში 741 191 ლარს მიიღებს, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე თავიდან მოითხოვა.

ამ დროისთვის „ბრიტანია ქონსთრაქშენს" სამუშაოების 48 % აქვს შესრულებული, რისთვისაც მერიამ 358 580 ლარი უკვე გადაუხადა.



ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციას მერია გრანტის ფარგლებში გეგმავს

ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება

ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ტენდერი მეორედ ჩაიშალა

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე: ნახეთ აქ

ქუთაისში შადრევნების რეაბილიტაციის პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა
Print