ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრომ, ქუთაისში, აუქციონზე გატანილი 22 ობიექტიდან მხოლოდ ერთი გაყიდა
FaceBook
ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქუთაისში გამოცხადებული აუქციონი დასრულდა.

სამინისტროს მიერ საინვესტიციოდ მიმზიდველ ქონებად დასახელებული 22 ობიექტიდან მხოლოდ ერთი, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდა. ინვესტორები არ დაინტერესდნენ ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხნით, რომელსაც სახელმწიფო 10 055 000 ლარად აფასებდა. მათთვის მიმზიდველი არც "პრესის სახლის" შენობა აღმოჩნდა, რომელიც სამინისტროს შეფასებით, სასტუმროს მოსაწყობად გამოდგება. ჩაიშალა აუქციონები წყალტუბოსა და ხონშიც.

ქუთაისსა და მის შემოგარენში, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 24 ქონება ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორებისთვის გაამზადა. სახელმწიფოს გათვლით, სარეალიზაციოდ გატანილი ობიექტების ადგილზე ერთი სასტუმრო, 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური და 9 სამრეწველო-სასაწყობე სივრცე უნდა მოწყობილიყო. ობიექტების ჯამური ღირებულება  43 746 250 ლარს შეადგენდა.

გასაყიდი ობიექტების ნუსხაში მოიაზრებდა ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის მერიასაც, რომელიც ისე შეაფასა 16 039 000 ლარად, რომ მის გასხვისებაზე ქუთაისის საკრებულოს თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, მერიის ადმინისტრაციული შენობა საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტების ჩამონათვალიდან აუქციონზე ვერ მოხვდა.

Print
თეგები: #აუქციონი