ახალი ამბები
მიტოვებული და გადავადებული სამუშაოები ჯიბლაძის ქუჩაზე
FaceBook
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიტოვებულია. ერთი კვირაა ობიექტზე არავინ გამოჩენილა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუშები ისედაც დღეგამოშვებით დადიოდნენ, ახლა კი პროცესი საერთოდ გაჩერდა. 

"შეწუხებულები ვართ, როდემდე უნდა ვიყოთ მტვერში და ტალახში? პრობლემა ის კი არ არის, რომ გზა გადათხარეს, პრობლემა ისაა, რომ სამუშაოები მიტოვებულია. ისედაც იშვიათად მუშაობდნენ, ბოლო ერთი კვირა კი არავინ გამოჩენილა. თუ არ აკეთებდნენ რატომ გადათხარეს"?! -
ამბობენ ადგილობრივები.

მერიამ, თითქმის დაუზიანებელი გზის საფარის რეაბილიტაციისთვის, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი ( NAT220001025) ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩაზე თებერვალში გამოაცხადა. კეთილმოწყობაზე სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა შპს "ონიქს როუდმა" 504 803 ლარის სანაცვლოდ აიღო. ჯიბლაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მას 285 586 ლარს გადაუხდიან, ხოლო ხახანაშვილის ქუჩისთვის - 219 216 ლარს.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელი თავიდანვე აცხადებდა, რომ ეს დრო საკმარისი არ იქნებოდა. კობა ონიანი მაშინ მიზეზად წვიმიან ამინდებს და სხვადასხვა ქალაქში მისი კომპანიის მიერ მოგებულ ტენდერებს ასახელებდა, რომელთა პარალელურ რეჟიმში განხორციელება დროში აფერხებდა პროცესს ჯიბლაძის ქუჩაზე. ამის შემდეგ ონიანმა სამუშაოებისთვის დამატებით ოთხი თვე მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

"ქუთაისიპოსტთან" საუბარში კომპანიის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა, ამჯერად მიზეზად სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელის გადატანის პრობლემას ასახელებს და ირწმუნება, რომ ვადაში ჩაეტევა.

შპს "ონიქს როუდს" ჯიბლაძის ქუჩაზე სამუშაოების დასასრულებლად დრო 15 სექტემბრამდე აქვს.








სახელმწიფო შესყიდვის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ამ დროისთვის კომპანიას სამუშაოების მხოლოდ 29 % აქვს შესრულებული. შესაბამისად, მერიას კომპანიისთვის 145 504.87 ლარი აქვს გადახდილი. 
Print